ბრძოლა კარგი ცხოვრების შესანარჩუნებლად


დღესდღეობით ჩვენთვის უცნობია როდის მოიმატებს და დაიკლებს წყალი

Ixé Márcia Mura, sé mira sá Mura, sé rendawa sé rera Maloquinha em Nazaré no paranã Madeira. მე ვარ მარსია მურა. ჩემი ხალხია მურა, ჩემი სოფელია მალოკინია ნაზარეს რაიონში, მდინარე მადეირაზე, ბრაზილიაში, რონდონიის შტატში.

ბოლოს ნაზარეთში რომ წავედი ათი წლის ვიყავი. წყალდიდობის სეზონი იყო და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად წყალში ვხტებოდი. ამ მოგზაურობიდან მახსოვს მამიდასთან ერთად სათევზაოდ წასვლა. ის მდინარიდან იღებდა წყალს დასალევად, ტალახიან წყალს ჭურჭელში სუფთა ქსოვილით წურავდა. ვიხსენებ ამ მოგონებებს, როცა 5-10 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მდინარე მადეირას წყლის დალევა. თუმცა, დღეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰიდროელექტრო კაშხლებმა დიდი წყალდიდობა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება გამოიწვია, ეს უკვე შეუძლებელია.

ძველად, უფროსების გადმოცემით, პატარა ხვლიკის მსგავსი ცხოველები მხოლოდ წელიწადის გარკვეულ დროს ქვირითობდნენ, როცა წყალი მათ  არ წვდებოდა. ახლა, როცა ყურადღებით ვაკვირდები, ვხედავ, რომ წყალი წვდება სახლებსა და ხეების სვეტებზე დამაგრებულ პატარა თეთრი ხვლიკის კვერცხებს. ჩიტი, რომელიც წყლის ამაღლების და დაკლების დროს გასაფრთხილებლად მღეროდა, აგრძელებს სიმღერას, მაგრამ წყალი იმატებს და იკლებს ჩვეული დროის შემდეგ. ფლორა და ფაუნა აღარ მიუთითებს წყალდიდობისა და გვალვის, დარგვისა და მოსავლის აღების დროზე. დღეს ამ ყველაფერს ჰიდროელექტრო კაშხლები განსაზღვრავს.

მდინარის არსებობაში მსგავსმა ჩარევამ რამდენიმე პრობლემა შეუქმნა ადგილობრივ თემებსა და მკვიდრ ტერიტორიებს – ახლა წვიმებიც კი განსხვავებულია. ნაზარესთან ერთად, მდინარე მადეირას ნაპირებზე მდებარე სხვა მდინარის თემები და სოფლები სასმელი წყლის გარეშე დარჩა. გვალვის დროს წყალთან წვდომა გართულებულია, ხოლო წვიმიან სეზონზე ბევრი წყალიც რომ იყოს, დასალევად არ ვარგა. ასევე რთულდება მდინარის ნავიგაცია, რადგან მშრალ სეზონზე მდინარე ძალიან მშრალია. ეს ხელს უწყობს აქამდე არარსებული სანაპიროების შექმნას.

სექტემბრის ბოლოს ქალაქ ურუაპეარაში წავედი, ამაზონის შტატში უძველესი მარშრუტით, რომელსაც მურას წინაპრები იყენებდნენ. წავედი დედაჩემის მოსაყვანად, რომელიც ჩემი დიდი ბებიის დროით დათარიღებული ბრაზილიური თხილის კორომის აღდგენაზე მუშაობს. ზემო წელზე და ახლომდებარე ტბის ნაპირებზეც კი ძალიან ცხელოდა, შემდეგ კი ძლიერი წვიმა დაიწყო. ამის შემხედვარე დედაჩემს ვკითხე: “დედა, განა აგვისტო  იაგუარების, სიცხისა და ქარიშხლების დრო არ იყო?” მან მიპასუხა: ”ადრე იყო! ახლა წვიმებმა სექტემბრის თვეში გადაინაცვლა“.

ასე ვგრძნობთ კლიმატის ცვლილებას და განვიცდით წყალდიდობას, არასეზონურ შტორმს და სიცხეს, თუნდაც ტბებისა და ტყეების ზემო დინებაში ყოფნის დროს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს დიდწილად გამოწვეულია დანაშაულებრივი ხანძრების, ტყეების განადგურებითა და ჰიდროელექტრო კაშხლებით მდინარეებში ჩარევით. ზოგადად, მკვიდრი ხალხის საგვარეულო ტერიტორია გამუდმებით მცირდება და ხდება მისი დაკავება ფერმერების, ტყის მჩეხავების, მაღაროელების მიერ ან ხანძრებით. ჩვენი მურას ტერიტორია უხილავია სახელმწიფო ოფიციალურ რუკებზე.

როგორც გარემოსდაცვითი უფლებების მკვიდრი აქტივისტი აილტონ კრენაკი ამბობს, ჩვენ უნდა შევცვალოთ ნეგატიური ზემოქმედება გარემოსა და კლიმატზე და ვიპოვოთ გზა სამყაროს დასასრულის გადასავადებლად. ამ პერსპექტივიდან, მურას კოლექტივი მუშაობს მდინარე მადეირას ნაპირებზე იმ ტრადიციული თემების გასაძლიერებლად, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენი ცხოვრების გათვალისწინების გარეშე დაგეგმილ განვითარების პროექტებს. მთავრობა აცხადებს, რომ ეს პროექტები მოგვიტანს პროგრესს, მაგრამ სინამდვილეში მათ  მხოლოდ სიკვდილი მოაქვთ. სიკვდილი მდინარეებისა და თევზებისთვის და ზოგადად გარემოსთვის. ჩვენი მთავარი მოქმედება აგებულია მურას შემდეგ განცხადებაზე:

ჩვენ ვაცხადებთ, რომ პორტო ველიოს მუნიციპალიტეტი, უპირველეს ყოვლისა, მურას ტერიტორიაა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ფესვების გაძლიერებაზე წინაპართა მეხსიერების ძაფების გაყვანით და ვიბრძვით მდინარე მადეირას მკვიდრი მეხსიერებისა და ისტორიის აღიარებისა და აღდგენისთვის. გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ იმ გარემოს დაცვას, რომლის ნაწილიც ვართ, ასევე ვიბრძვით კარგი ცხოვრების შესანარჩუნებლად.

ამჟამად ვმუშაობთ მდინარე მადეირას აღდგენაზე და ამ წინააღმდეგობის ფრონტზე სწორედ ქალები არიან. მურას წინააღმდეგობა იარსებებს მანამ, სანამ მდინარე მადეირაზე იქნება მურა, რომელიც იყვირებს და იბრძოლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არა, ჩვენი ამაზონი – რომელიც არის მსოფლიოს ფილტვები – დიდხანს არ იარსებებს.

 

მარსია მურა წერს მურას მკვიდრი კოლექტივის სახელით. კოლექტივი ჩამოყალიბდა მდინარე მადეირას აღდგენაზე მომუშავე ხალხის მიერ. მათი მიზანია გააძლიეროს მურა ხალხის იდენტობა და საგვარეულო მეხსიერება პორტო ველიოში და მადეირას ნაპირებზე მცხოვრებ მდინარისპირა თემებში, ხელი შეუწყოს ადგილობრივ საზოგადოებასმკვიდრი ყოფის წესისაღიარების მიზნით გაწეულ ქმედებებში; მონაწილეობა მიიღოს რეგიონალურ და ეროვნულ ადგილობრივ მოძრაობებში, რომლებიც იბრძვიან სოციალური და გარემოსდაცვითი უფლებებისთვის; გააძლიეროს კრეატიული და ტრადიციული საწარმოო პროცესები ადგილობრივი შემოსავლის გამომუშავების უზრუნველსაყოფად და წაახლისოს ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს თანაარსებობას ამაზონის ბიომში და ებრძვის კლიმატის ცვლილებას.


Related Post

Anamika Dutt's picture with the text, "welcoming Anamika Dutt, GAGGA's PMEL Officer"

Welcoming Anamika Dutt As GAGGA’s Planning, Monitoring, Evaluation & Learning (PMEL) Officer!

Anamika Dutt is a feminist MEL practitioner from India. Anamika believes that stories of change and impact are best heard…

See more

Bringing Local Realities to Board Level: GAGGA and Both ENDS Partners at the GCF B38 in Rwanda

Last week Both ENDS participated in the 38th Board Meeting of the Green Climate Fund in Kigali, Rwanda, together with…

See more

We Women Are Water – Call To Action To Support And Finance Gender Just Climate Action

Gender just climate action and solutions are in urgent need of your support Women, girls, trans, intersex, and non-binary people…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.