“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკვიდრი ქალები არა როგორც მსხვერპლები, არამედ როგორც კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ავტორები”
ჩემი სახელია ფრატიმა გურუნგი და როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვიდრ ქალს დასავლეთ ნეპალის მთიანი რეგიონიდან, მაქვს ახლო და უშუალო გამოცდილება ჩემს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების გავლენასთან დაკავშირებით. ნეპალი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა კლიმატის ცვლილების მიმართ დაუცველობის კუთხით. აქ მოსახლეობის 80%-ზე მეტი არის ისეთი ბუნებრივი საფრთხის რისკის ქვეშ, როგორიცაა მიწისძვრები, გვალვები, წყალდიდობები, მეწყერები, ექსტრემალური ტემპერატურა და მყინვარების ტბის ადიდება. კლიმატის მსგავსი ზემოქმედება საფრთხეს უქმნის ნეპალში მცხოვრებ ადამიანებს და მათ საარსებო წყაროს, განსაკუთრებით ქალებს, მკვიდრ ხალხს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
მე ასევე ვარ აქტივისტი, ნეპალის მკვიდრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ასოციაციის (NIDWAN Nepal) პრეზიდენტი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკვიდრი ხალხის გლობალური ქსელის მმართველი კომიტეტის გენერალური მდივანი. NIDWAN-ის მიერ ჩატარებული კვლევა, სახელწოდებით „კლიმატის ცვლილების გავლენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვიდრ ქალებზე“ ადასტურებს, რომ ქალები და გოგოები ყველაზე დაუცველები არიან კლიმატის კრიზისის მიმართ. ნეპალის სოფლის მეურნეობაში და ბუნებრივი რესურსების (წყალი და შეშა) მოპოვებაში შეტანილი წვლილიდან გამომდინარე, მკვიდრ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს აქვთ მნიშვნელოვანი ცოდნა კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ დისკუსიებში მონაწილეობისთვის. მიუხედავად ამისა, ისინი გარიყულები არიან გადაწყვეტილების მიღების სივრცეებიდან.
ჩვენმა კვლევამ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რეალობას, რომელსაც აწყდება მკვიდრი მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და მათ ოჯახები. ნეპალის მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, ეწევა ფერმერის საქმიანობას და საარსებო წყაროსთვის კვლავ ტყეებზე არიან დამოკიდებულნი; მათ აქვთ სიმბიოტური ურთიერთობა ტყესთან და ბუნებრივ რესურსებთან. ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა მათი განსხვავებული იდენტობისა და ჩვეული პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ისინი მომავალ თაობებს გადასცემენ.
NIDWAN-ის და სხვების მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ წინაპრების მიწაზე მცხოვრები მკვიდრი ხალხის უმეტესობა იძულებით გადაადგილებულია განვითარების სახელით. კერძოდ, მათ გადაადგილება უწევთ სახელმწიფოს ისეთი პოლიტიკისა და პროექტების გამო, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკული კაშხლების მშენებლობა, გზების გაფართოება და მოპოვებითი მრეწველობა. მათ აღარ აქვთ წვდომა მიწაზე, ტყესა და წყლის რესურსებზე, რაც პირდაპირ აისახება მათ ცხოვრებასა და საარსებო წყაროზე. სახელმწიფო არ უჭერს მხარს მკვიდრი ხალხის ტრადიციულ, ჩვეულ პრაქტიკას და მათ საარსებო წყაროს, რაც მკვიდრი მოსახლეობის დიდ ნაწილს აიძულებს მიატოვოს თავისი ტრადიციული ცხოვრების წესი.
უფრო მეტიც, მდგომარეობას ართულებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ხშირი გვალვები და წყალდიდობები, რაც ზიანს აყენებს ადგილობრივ სოფლის მეურნეობას. მაღალ მთებში ზოგიერთი სახეობის კარტოფილისა და წიწიბურის თესლი აღარ მოიპოვება. წყლის რესურსები დაშრა და სასოფლო-სამეურნეო მიწები გახდა უნაყოფო, რაც ამცირებს მიწის პროდუქტიულობას და პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე.
ერთ-ერთი შემთხვევის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ კავრეში, კატმანდუს მახლობლად მდებარე რაიონში, გონებრივი შეზღუდვის მქონე მკვიდრი გოგოს დედას უჭირს ქალიშვილის ჯანმრთელობისა და ჰიგიენისთვის საჭირო საკვებისა და წყლის მოპოვება. დედას ყოველდღიურად ორი საათი უწევს მგზავრობა, რათა წყალი შეაგროვოს და სახლში მოიტანოს. ამ ყველაფერს იმის შიშში აკეთებს, რომ შვილს მის არ ყოფნაში რაიმე დაემაერთება. წყლისა და ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ხელს უშლის მას ტრადიციული ალკოჰოლური სასმელების დამზადებასა და რეალიზაციაში, რაც შესაძლოა მისი შემოსავლის წყარო და ქალიშვილსა და ოჯახის ფინანსური დახმარების გზა ყოფილიყო.
კლიმატის ცვლილების ყველა ეს შედეგი პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს ჩემზე როგორც ქალზე, როგორც მკვიდრი თემის წარმომადგენელზე და როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვიდრ ქალებს, ინდივიდუალურად და კოლექტიურად, ექმნებათ ხელმისაწვდომობასა და დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ბარიერები საზოგადოებაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს უმცირესობისთვის დამახასიათებელი გენდერული, შესაძლებლობებთან დაკავშირებული და ეთნიკური იდენტობები, ვაწყდებით დისკრიმინაციის უამრავ ფორმას კულტურული ნორმების, ისტორიული ჩაგვრის, კანონებისა და რელიგიის გამო. შედეგად, ჩვენ ზედმეტად წარმოდგენილნი ვართ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებთა შორის, ხოლო ჩვენი ხელმისაწვდომობა რესურსებზე და ჩვენი უფლებების არსებითად განხორციელების შესაძლებლობა მკვეთრად შეზღუდულია.
მიუხედავად იმისა, რომ მკვიდრი ხალხი იცავს დედამიწის ბიომრავალფეროვნების 80%-ს – და ამავე დროს, ყველაზე დაუცველები არიან კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ – ჩვენ საკმარისად არ ვართ წარმოდგენილი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, მათ შორის დანაკარგებსა და ზიანზე, ადაპტაციასა და მიტიგაცია/შერბილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიებში. ქალების, მკვიდრი ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკვიდრი ქალების როლი, როგორც მოქმედი პირები და ცვლილებების აგენტები, გადამწყვეტია. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მსხვერპლი, ჩვენ ვფლობთ კლიმატთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრისთვის აუცილებელ ცოდნას. ცოდნას იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც უნდა დაინერგოს კლიმატის პოლიტიკასა და გეგმებში. დაინტერესებული მხარეები, როგორიცაა სახელმწიფოები, გაეროს სააგენტოები, განვითარების პარტნიორები და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კლიმატის სამართალზე, უნდა უსმენდნენ მრავალგვარი იდენტობის მქონე სოციალური ჯგუფების ხმებს, როგორიცაა მკვიდრი ქალები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკვიდრი ქალები, რომლებმაც იციან როგორ იბრძოლონ და დაიცვან თავიანთი უფლებები. ამ დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა წაახალისონ ამბიციური ქალები, რომლებიც მხედველობიდან არ დაკარგავენ იმას, რაც მნიშვნელოვანია.
მე მტკიცედ მოვუწოდებ ყველას იმ ქალების, მკვიდრი ქალების და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკვიდრი ქალების მხარდაჭერისკენ, რომლებიც საზოგადოების დონეზე სოციალური იერარქიის დაბალ საფეხურზე იმყოფებიან. დროა პატივი ვცეთ, ხელი შევუწყოთ და გავაცნობიეროთ მკვიდრი ქალების ცოდნა, ტრადიციები და წვლილი ჩვენი დედამიწის შენარჩუნებაში და მივუჩინოთ მათ ადგილი კლიმატის დისკუსიების ცენტრში.
დროა გადავიაზროთ ის გზა, რომლითაც ვმუშაობთ და ვითანამშრომლოთ მოძრაობათა შორის – იქნება ეს ბრძოლა გენდერისთვის, შეზღუდული შესაძლებლობებისთვის, ეთნიკური თუ სხვა უფლებებისთვის – ვაღიაროთ თითოეული ინდივიდის მრავალშრიანი და თანმხვედრი იდენტობები. ეს არის მომენტი, როდესაც ვიძენთ მოკავშირეებს, ვერთვებით ლოკალურიდან გლობალურ დონეზე, და უზრუნველვყოფთ გრძელვადიან დაფინანსებას, რომელიც ითვალისწინებს ისეთი სოციალური ჯგუფების ინიციატივებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკვიდრი ქალები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისტორიული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სტრუქტურული ცვლილებების გზით ინტერსექციური მიდგომის ინტეგრირებით, რომელიც ითვალისწინებს გენდერს, კულტურას და შეზღუდულ შესაძლებლობებს და ძალაუფლებას ანაწილებს ისე, რომ კლიმატის სამართლიანობის დისკურსი უფრო ინკლუზიური იყოს ყველასთვის. თუ ერთობლივად განვახორციელებთ ამ გადაუდებელ და აუცილებელ ქმედებებს კლიმატის კრიზისის საპირისპიროდ, ჩვენ შევძლებთ, რომ არავინ მოვიტოვოთ უკან.
ფრატიმა გურუნგი არის წამყვანი აკადემიური აქტივისტი ნეპალიდან. ფრატიმამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხმადაკარგული ქალების, მკვიდრი თემებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხმის ამაღლებაში. მას შემოაქცს ინტერსექციული ლინზა თავის ნამუშევრებში, რათა დააკავშიროს სხვადასხვა მარგინალიზებული იდენტობები ნეპალში, აზიასა და მთელ მსოფლიოში. ქალბატონი გურუნგი არის ტრიბჰუვანის უნივერსიტეტის პადმაკანიას კოლეჯის ფაკულტეტის წევრი. ის ჩართულია კვლევებში და თავის აკადემიურ კვლევებს ადვოკატირებას უკავშირებს. როგორც ექსპერტი ჩართულია შეზღუდული შესაძლებლობების ეროვნული მიმართულების კომიტეტის საქმიანობაში, რომელიც ჩამოყალიბდა ნეპალის მთავრობაში ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმული მოქალაქეების სამინისტროს მიერ. ფრატიმა გურუნგი არის მკვიდრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გლობალური ქსელის (IPWDGN) და შეზღუდული შესაძლებლობების ქალთა ეროვნული ასოციაციის ნეპალის (NIDWAN) დამფუძნებელი წევრი და გენერალური მდივანი, რომელიც ასევე არის GAGGA პარტნიორი. მან მაგალითი მისცა ნეპალსა და აზიაში, თუ როგორ უნდა დაიწყოს: მოძრაობათა შორის თანამშრომლობა; ინტერსექციური მიდგომა ქალების, მკვიდრი მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა მარგინალიზებულ მოძრაობებს შორის; დისკურსი ინკლუზიურ განათლებაზე, გარემოსდაცვით სამართლიანობაზე და ა.შ.
Report: Seeds for Harvest – Funding for Gender, Climate, and Environmental Justice
The world has drastically changed in recent years, from the COVID-19 pandemic and ongoing conflicts to the rise of authoritarianism…
Call for Consultancy: Evaluation of GAGGA 2.0 Programme
The Global Alliance for Green and Gender Action (GAGGA) is seeking a consultancy firm or a team of consultants to…
Welcoming Anamika Dutt As GAGGA’s Planning, Monitoring, Evaluation & Learning (PMEL) Officer!
Anamika Dutt is a feminist MEL practitioner from India. Anamika believes that stories of change and impact are best heard…
Subscribe to our newsletter
Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.