გლობალური დათბობა, როგორც ქალთა მიმართ ძალადობა


სულ რაღაც ას წელიწადში ინდუსტრიალიზაციამ, კონსუმერიზმმა, ინდივიდუალიზმმა, განადგურებამ, ძარცვამ და ძალადობამ ისე შეცვალა კლიმატი, როგორც არასდროს პლანეტის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების წვლილი სათბურის გაზების გამოყოფაში გაცილებით მეტია ვიდრე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების, კლიმატის ცვლილების გავლენას ყველაზე მწვავედ განიცდიან სტრუქტურულად გარიყული თემები, განსაკუთრებით მკვიდრი, აფრო-შთამომავალი, მიგრანტი და მარგინალიზებული ქალები და გოგოები გლობალურ სამხრეთის ქალაქებიდან.

ეს რეალობა მოგვიწოდებს ვისწრაფოდეთ გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისკენ, რაც განუყოფლად არის დაკავშირებული გენდერულ სამართლიანობასთან. ფესვგადგმული სოციალური და გენდერული უთანასწორობის გამო ქალები, რომლებიც ცხოვრობენ დიდი ქალაქების გარეუბნებში ან სოფლად, ყველაზე მეტად განიცდიან წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას, ჭარბი ნაგვის, წყალდიდობის, ქარიშხლებისა და ხანგრძლივი გვალვების, სიცხის ტალღების,  ცხოველთა სახეობებისა და ეკოსისტემების დანაკარგს, ახალ პანდემიებს და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას.

ჩვენ ეს პირადად გვეხება, როგორც ეკოფემინისტურ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ქალებთან სამხრეთ მექსიკაში. ჩვენი დაარსებიდან თორმეტი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ Agua y Vida: Mujeres, Derechos y Ambiente (წყალი და სიცოცხლე: ქალები, უფლებები და გარემო) გადაამზადა და მიაწოდა ინფორმაცია 700 000-ზე მეტ ქალს, იმისათვის რომ მხარი დაუჭიროს მათ გარემოსთან დაკავშირებული უფლებების დაცვის საქმიანობაში. ჩვენ ამას მივაღწიეთ ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა სემინარები, ტრენინგ პროგრამები, ადვოკატირების კამპანიები, ფილმების ჩვენება, ფორუმები და შეხვედრები. ამასთან ერთად ხელი შევუწყვეთ ცნობიერების ამაღლებას ორგანიზებული ქალების მიერ მათი ტერიტორიების, წყლის, მიწის, თესლისა და წინაპრების ცოდნის დასაცავად გაწეული სამუშაოს შესახებ. სამუშაოს, რომელსაც ისინი ასრულებენ მუდმივი გარიყულობისა და სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მიუხედავად. ადგილზე მყოფი ქალები ახორციელებენ კონკრეტულ ქმედებებს გარემოსდაცვითი და კლიმატის სამართლიანობის მიმართულებით.

ჩიაპასში, სამხრეთ მექსიკაში,  როდესაც ქალები ვსაუბრობთ გლობალურ დათბობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ არ მიმოვიხილავთ ნახშირბადის ფასს ან ტემპერატურის ვარიაციების გამოთვლას. საუბარია იმაზე, რომ სურსათის ფასი იზრდება, დაავადებები სულ უფრო მეტად ვრცელდება, ხოლო მედიცინა ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება, წვიმის შედეგად იტბორება სახლები და ავეჯი, თესლის მარაგი იწურება, მიწა აღარ არის ნაყოფიერი და წყალი უფრო დაბინძურებული და მწირი ხდება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ რთულდება ცხოვრება ყოველდღიურად.

2020 წლის ნოემბერში, როდესაც ქარიშხალი ეტა ჩიაპასს დაატყდა თავს, ქალთა ჯგუფებმა, რომლებსაც თან ვახლდით და რომლებიც ორგანიზებულნი იყვნენ ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ნიადაგისა და ტყეების აღდგენა, ორგანული ბაღებისა და ქათმის ფერმების შექმნა საკუთარი მოხმარებისთვის, წვიმების გამო ყველაფერი დაკარგეს.

ამიტომ, როდესაც ფერადკანიანი ქალები ვსაუბრობთ გლობალურ დათბობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ცხოვრებასა და გარიყულობასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე, მარგინალიზაციისა და სტრუქტურული ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, რომელსაც ვგრძნობთ ჩვენს სხეულებში – მუდმივად გაძარცვულ და 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კოლონიზებულ ტერიტორიაზე არსებულ სხეულებში. თუ კომპანიები არ შეამცირებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც პლანეტის გათბობას უწყობს ხელს – როგორიცაა სამთო მოპოვება, ნახშირწყალბადების მოპოვება, ინტენსიური სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა, ნავთობქიმიური, საავტომობილო და ტურისტული ინდუსტრიები – შეუძლებელი იქნება გლობალური დათბობის შეზღუდვა 1,5 ან 2 გრადუსი ცელსიუსამდე, რაც კატასტროფულ შედეგებს მოიტანს ჩვენთვის და ჩვენი პლანეტისთვის.

კლიმატის ცვლილება როგორც კოლონიალიზმის, რასიზმისა და პატრიარქატის შედეგი

აქ, ჩიაპასში, აღარ ვიცით, როდის ან რა ინტენსივობით იწვიმებს; ჩვენ ასევე არ ვიცით როდის დასრულდება მშრალი სეზონი ან რამდენად ინტენსიური და ხანგრძლივი იქნება ის. შედეგად, სოფლად მცხოვრებ და მკვიდრ ქალებს უჭირთ იმის განსაზღვრა თუ როდის დარგონ სიმინდი, რაც მათი კვების რაციონის ძირითადი ინგრედიენტია.

გვალვისა და წყალდიდობის შედეგად მოსავლის დაკარგვა იწვევს სასოწარკვეთასა და შიმშილს. ეს აიძულებს ბევრ ოჯახს გაყიდოს ან გააქირავოს თავისი კუთვნილი მიწა ისეთი ექსტრაქტივისტული პროექტებისთვის, როგორიცაა პალმის ზეთის მონოკულტურები. შედეგად გამოწვეული იმედგაცრუება ბევრ კაცს ალკოჰოლიზმისკენ უბიძგებს, რაც მათ უფრო ძალადობრივს ხდის. 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჩიაპასმა დაარეგისტრირა ოჯახში ძალადობის 2873, გაუპატიურების 365 და ფემიციდის 38 შემთხვევა. მსხვერპლთაგან 41,9% იყო ოჯახში დასაქმებული ქალი, რომელთაგან ბევრი იყო მიგრანტი ჰონდურასიდან, გვატემალადან და ელ სალვადორიდან. გარემოს დეგრადაციის, მილიტარიზაციისა და ძალადობრივ პირობებში ქალები ხშირად მიგრაციას თავიანთ ერთადერთ შანსად თვლიან. ერთ-ერთი ქალის სიტყვებით, რომელიც მონაწილეობდა ჩვენს სემინარში სახელწოდებით ქალები და მეგაპროექტები:

“[კორპორაციული და/ან მთავრობის წარმომადგენლები] გვპირდებიან, რომ მეგაპროექტები განვითარებას, პროგრესსა და სამუშაო ადგილებს მოიტანს, მაგრამ ეს სიცრუეა. ქალებმა აღნიშნეს, რომ ძალადობის შემთხვევები იზრდება. როდესაც ჩვენი პარტნიორები კარგავენ სამუშაოს, ისინი მიმართავენ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. იზრდება ძალადობა და იზრდება მიგრაცია. ქმრები ტოვებენ საცხოვრებელ ადგილებს, ცოლებსა და შვილებს. საბოლოოდ, [ქალებიც] მიგრაციაში მიდიან” — სემინარის ქალები და მეგაპროექტები: სათემო წინააღმდეგობის შექმნა მონაწილე, 2021 წლის ივნისი.

ქალებს შეუძლიათ აღნიშნული სიტუაციის შეცვლა და ჩვენი საქმიანობის მიზანიც სწორედ ეს არის

ჩიაპასში, ქალთა მრავალი ჯგუფი მუშაობს მიწებისა და ტერიტორიების აღდგენისთვის. ისინი მიმართავენ კონკრეტულ ქმედებებს, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვით სამართლიანობას რესურსებზე შეზღუდული წვდომის მქონე თემებში ცხოვრებისას. ეს ყველაფერი მათ  სოციალურ-ეკოლოგიური საკითხებისა და კონფლიქტების ზემოქმედების მაღალი რისკის ქვეშ აქცევს. მათივე სიტყვებით:

“მეგაპროექტები [რომლებსაც ხელისუფლება და კორპორაციები] ძალადობრივად ახორციელებელ ჩვენზე და ჩვენს მიწებზე, ყველაფერს გააქრობს. გაანადგურებს ნათესებსა და ჩვენს ტრადიციულ მედიცინას. სწორედ ამიტომ ვარ აქ და ვიცავ. დავიცვათ ყველაფერი რაც  ჩვენს ტერიტორიაზე გვაქვს.” — სემინარის ქალები და მეგაპროექტები: სათემო წინააღმდეგობის შექმნა მონაწილე, 2021 წლის ივნისი

ანალოგიურად, მათი ქმედებები ხელს უწყობს კლიმატის სამართლიანობას იმ გაგებით, რომ ქალები ხშირად თავიანთი ორგანიზებითა და შრომით ინარჩუნებენ კულტურას და აღადგენენ კუთვნილი მიწების ბიომრავალფეროვნებას წინაპრების ცოდნის გამოყენებით. ამით ადგილობრივი ქალები ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილების შედეგების მიტიგაციას/შერბილებას. მათივე სიტყვებით გადმოცემულია მათ მიერ გამოყენებული რამდენიმე პრაქტიკა:

“ჩვენ ადგილობრივ დონეზე ვახორციელებთ აგროეკოლოგიურ და მეფრინველეობის პრაქტიკას, [მათ შორის] კვერცხის წარმოებას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს ოჯახებს და ვიკვებოთ უფრო ჯანსაღად. ჩვენ ასევე ვიყენებთ ვერმიკომპოსტს [ორგანულ სასუქს, რომელიც მიიღება ჭიებისგან და მდიდარია აზოტით, კალიუმით, ფოსფორით და მაგნიუმით, აგრეთვე მინერალებით, რომლებიც ხელს უწყობს ნიადაგისა და საკვები ნივთიერებების აღდგენას] იმ მოსავლის სამართავად, რომელიც ამარაგებს ჩვენს ოჯახებს [სასმელი] წყლით. ჩვენ ვახორციელებთ მყარი ნარჩენებისა და ნაცრისფერი წყლის [graywater, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები ფეკალური დაბინძურების გარეშე] მართვის პრაქტიკას. გამუდმებით ვფიქრობთ იმაზე, თუ რითი ვიკვებებით – ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი საზოგადოების გულისთვის. ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმებებზე, რათა გავაგრძელოთ [ჩვენი მიწების] დაცვა და ექსტრაქტივისტული მოდელის წინააღმდეგ საბრძოლველი პრაქტიკის გაზიარება. გარდა ამისა, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ალიანსებს კოლექტივებთან და თემებთან, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ტერიტორიებისთვის და მიწის უფლებისთვის. ჩვენ ასევე ვორგანიზდებით მცირე [სასოფლო-სამეურნეო] მწარმოებლებთან ერთად, რათა გავყიდოთ სუფთა, ჯანსაღი საკვები ადგილობრივად და რეგიონში.”— შეკრების ქალები საკვების სუვერენიტეტის, ჯანმრთელობის და ტერიტორიების დაცვისთვის: პალმის ზეთის გავრცელების ალტერნატივების შექმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში მონაწილე, 2021 წლის მარტი

აღნიშნული ისტორიები ცხადყოფს, რომ კლიმატის გადაწყვეტილებები მხედველობაში უნდა იღებდეს ადგილობრივი ქალების ცოდნას. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, გლობალური დათბობა არ შეჩერდება, სანამ არსებობს ექსტრაქტივიზმის პრაქტიკა. მისი შეჩერება შესაძლებელია ისეთი ბრძოლით, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ქალების ცოდნას გარემოსდაცვითი და კლიმატის სამართლიანობის შესახებ. მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ განვავრცობთ ჩვენს მზერას ტემპერატურის გაზომვის მიღმა და მივმართავთ იმ ადამიანების თვალებისკენ, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან კლიმატის ცვლილების გავლენას.

 

Agua y Vida: Mujeres, Derechos y Ambiente არის ეკოფემინისტური ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალებთან ჩიაპასში, ოახაკასა და ტაბასკოში, სამხრეთ მექსიკაში. მათი ქმედებები მიზნად ისახავს ქალთა ადამიანის უფლებებისა და წყალზე, მიწასა და საერთო უფლებებს შორის ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებას, სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ხელშეწყობისთვის. ორგანიზაცია მუშაობს სამ ურთიერთდაკავშირებულ პროგრამაზე: გარემოსდაცვითი უფლებებისა და სამართლიანობის, სხეულიდან დედამიწამდე ტერიტორიის პროგრამასა (the Body-to-Earth Territory Program) და საშინაო სამუშაოსა და ზრუნვის პროგრამაზე. მათ მიერ გამოყენებული სტრატეგიებია ტრენინგები, კვლევა, კომუნიკაცია, ნეთვორქინგი და ფემინისტური აქტივიზმი. შეგიძლიათ გამოიწეროთ ორგანიზაციის Facebook, Twitter და Instagram გვერდები.


Related Post

Anamika Dutt's picture with the text, "welcoming Anamika Dutt, GAGGA's PMEL Officer"

Welcoming Anamika Dutt As GAGGA’s Planning, Monitoring, Evaluation & Learning (PMEL) Officer!

Anamika Dutt is a feminist MEL practitioner from India. Anamika believes that stories of change and impact are best heard…

See more

Bringing Local Realities to Board Level: GAGGA and Both ENDS Partners at the GCF B38 in Rwanda

Last week Both ENDS participated in the 38th Board Meeting of the Green Climate Fund in Kigali, Rwanda, together with…

See more

We Women Are Water – Call To Action To Support And Finance Gender Just Climate Action

Gender just climate action and solutions are in urgent need of your support Women, girls, trans, intersex, and non-binary people…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.