გლობალური სამხრეთის ფემინისტები COP გადაწყვეტილების მიმღებებს: რადიკალური ცვლილება კლიმატის სამართლიანობისთვის


“კლიმატის სამართლიანობა გულისხმობს… ერთი მხრივ მუშაობის დაწყებას კლიმატის კრიზისის გამომწვევ ისეთ ძირეულ მიზეზებზე, როგორიცაა არამდგრადი წარმოება, მოხმარება და ვაჭრობა და მეორე მხრივ, წინსვლას თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და რეალიზაციისკენ,“ თქვა მენკა გუნდანმა ფიჯის ქალთა ფონდიდან, ფემინისტურ კლიმატის მოქმედებასთან დაკავშირებული დიალოგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

2021 წლის სექტემბერში თანასწორობის ფონდმა მოიწვია 30-ზე მეტი წარმომადგენელი გლობალური სამხრეთის ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ფემინისტური მოძრაობებიდან, მათ შორის ის პირები, ვინც  მკვიდრი, ლბტქ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ახალგაზრდებისთვის და მათი ხელმძღვანელობით მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები და ძალადობა. მსგავსი მრავალფეროვანი მონაწილეები მოწმობს გენდერული თანასწორობისა და კლიმატის მოქმედების ურთიერთდაკავშირებულ ბუნებაზე და კლიმატის კრიზისზე მულტისექტორული რეაგირების აუცილებლობაზე.

გლობალური ალიანსის მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (GAGGA) ბლოგის სერიის –  სამართლიანობის დაყენება კლიმატის მოქმედების ცენტრში – მსგავსად, ეს დიალოგი მიზნად ისახავდა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოძრაობების ხმების გაძლიერებას. დიალოგის მიზანია უზრუნველყოს მათი წინა პლანზე ყოფნა და გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ მათი გათვალისწინება კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს 26-ე ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეთა კონფერენციის (COP) დაწყებამდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდგომ. გლობალური სამხრეთის ფემინისტი აქტივისტები უნდა ჩაერთონ ისეთ სივრცეებში, როგორიცაა COP, რადგან ქალები, გოგოები, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და არაბინარული ადამიანები არაპროპორციულად განიცდიან კლიმატის ზემოქმედებას და ამასთან, ისინი არიან კლიმატის კრიზისის საპასუხო ქმედებების წამომწყებები და განმახორციელებლები.

ქალების მიერ მართულ მოძრაობებს კლიმატის კრიზისის განსხვავებული ხედვა აქვთ

ზოგადად, ფემინისტური და ქალების მიერ მართული მოძრაობები კლიმატის კრიზისსა და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მთავრობებისა და COP-ზე წარმოდგენილ მხარეებისგან განსხვავებულად ხედავენ. COP-ის ოფიციალური მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებას ტექნიკურ საკითხად განიხილავს, ანუ „მოდით გავზომოთ ნახშირბადი და ვნახოთ რამდენად შეგვიძლია მისი შეზღუდვა.“ ხალხი საერთო სურათიდან გარიყულია. არავინ კითხულობს თუ ვინ არის პასუხისმგებელი ყველაზე მეტი სათბურის გაზების წარმოებაზე და ვინ განიცდის ამ პროცესებით გამოწვეულ შედეგებს.

ანჯელიკა შენეროკი Agua y Vida-სთან ერთად ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილების დომინანტური ნარატივი „ვერ ხედავს ვერც მის ურთიერთობას მომპოვებელ კომპანიებთან და ვერც უთანასწორობას გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის.“ მისი სიტყვებით: „[ცვლილებების საკუთარ თავზე აღება] ნიშნავს ფსონის დადებას პოლიტიკაზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივს და მცირეს. პოლიტიკაზე, რომელიც არ არის ექსტრაქტივისტული და ხელს არ უწყობს 500 წელზე მეტი ხნის კოლონიური მოდელის შენარჩუნებას. მე მოვითხოვ, რომ [გადაწყვეტილების მიმღებებმა] უარი თქვან პრობლემის გადაჭრის  ცრუ გზებზე. სწორედ ამ გადაწყვეტილებებმა მისცა გასაქანი კორუფციას და ისარგებლა იმ ადამიანების ტანჯვით, რომლებიც საკუთარ თავზე განიცდიან კლიმატის ცვლილების შედეგებს. მოვითხოვ ეკონომიკის პატრიარქალური პერსპექტივის ფემინისტური ეკონომიკით ჩანაცვლებას. ეს უკანასკნელი ზრუნავს სიცოცხლის ყველა ფორმაზე – როგორც ადამიანურზე, ისე არაადამიანურზე.”

დიალოგის მონაწილეებმა კლიმატის კრიზისის სურათის ცენტრში ხალხი დააყენეს და ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად განსხვავებულად განიცდიან ინდივიდები და ჯგუფები  კლიმატის ზემოქმედებას, იდენტობასთან დაკავშირებული ისეთი ურთიერთგადამკვეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა სქესი, რასა და მკვიდრი სტატუსი. პრატიმა გურუნგმა NIDWAN ნეპალიდან, ორგანიზაციიდან, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის და მათი ხელმძღვანელობით, დიალოგშიც და ბლოგშიც აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისის ინტენსივობა უფრო მაღალია მრავალფეროვანი და ურთიერთგადამკვეთი იდენტობების მქონე ადამიანებისთვის.

რეკომენდაციები COP-ის გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის

აღნიშნული პერსპექტივიდან, გაჩნდა რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია  მთავრობებისთვის, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ ისინი ემთხვევა GAGGA-ს ბლოგ-სერიის პოსტებში დაფიქსირებულ ბევრ შეხედულებას.

დიალოგის მონაწილეებმა მოითხოვეს კლიმატის კრიზისის გამომწვევი ესქტრაქტივისტული, ექსპლუატაციური სისტემების ტრანსფორმაციული ცვლილება. მიტიგაციის/შერბილების და ადაპტაციის მცდელობასთან ერთად, ტრანსფორმაციული ცვლილება მოიცავს: მდგრადი, საზოგადოების მიერ მართული წარმოების, მოხმარებისა და განვითარების მხარდაჭერას; ადგილობრივი ცოდნისა და გადაწყვეტილებების პატივისცემას და ბუნებრივ რესურსებზე ადგილობრივი სუვერენიტეტის მოპოვებას; და ზრუნვის ეკონომიკის[1] კლიმატის სამოქმედო ინტერვენციად მოაზრებას. ამის შესანიშნავი მაგალითია როგორც ანალოგური მეტყევეობა, რაც შესანიშნავად განმარტა ბლოგის ავტორმა ლუზ მარინა ვალემ, ასევე ფიჯის ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები.

მონაწილეები ასევე მხარს უჭერდნენ კლიმატის დაფინანსების ხელმისაწვდომობას ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ფემინისტური მოძრაობებისთვის. ამავდროულად, ბლოგის ავტორმა ურსულა მინისზევსკიმ შეგვახსენა თუ რამდენად მცირე დაფინანსება აღწევს დღესდღეობით ქალთა გარემოსდაცვით ქმედებებამდე და ხაზი გაუსვა GAGGA-სა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის წამოწყებას, რაც გულისხმობს შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონი აშშ დოლარის მობილიზებას კლიმატის სამართლიანობის ფემინისტური მოძრაობისთვის.

და ბოლოს, COP26-ის მიზნის (რაც გულისხმობს მთავრობებს, ბიზნესებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული მოქმედებების დაჩქარებას) საპასუხოდ,  მონაწილეებმა დასვეს კითხვა თუ რამდენად არსებობს მსგავსი პარტნიორობის წინაპირობები. მთავრობა და კერძო სექტორის აქტორები ახორციელებენ მარგინალიზაციას, დისკრიმინაციას და ძალადობას ქალთა და მკვიდრი ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და მიწის დამცველების მიმართ. ბლოგის ავტორებმა სოფია გუტიერეზმა Fridays for Future-იდან, მარსია მურამ მურას მკვიდრი კოლექტივიდან და ანჯელიკა შენეროკმა მკვეთრად გაუსვეს ხაზი ამ ყველაფერს კოლუმბიის, ბრაზილიისა და მექსიკის კონტექსტში. დიალოგის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მანამ, სანამ პარტნიორობა იქნება შესაძლებელი, საფუძველი უნდა ჩაეყაროს შემდეგს: ქალებისა და მკვიდრი ხალხის ლიდერობის მხარდაჭერას, აღიარებასა და ხელშეწყობას; წინაპართა მიწებსა და რესურსებზე მკვიდრი მოსახლეობის უფლებების პატივისცემასა და ქალებისა და მკვიდრი ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და მიწის დამცველების დაცვის პრაქტიკას.

COP26-იდან დაკარგული ხმები

ამ გადაუდებელმა გზავნილმა მიაღწია COP26-ის გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე. გზავნილი მოიცავდა ამ ვიდეოს, რომლის ჩვენებაც გენდერის დღეს მოეწყო. წელს COVID-19-ის პანდემიის მიზეზით, გლობალური სამხრეთის ქალები COP-ზე მონაწილეობისთვის დამატებითი განსაკუთრებული ბარიერების წინაშე აღმოჩნდნენ. კიდევ ერთი ძლიერი ვიზუალური გზავნილის ავტორია Fearless Collective, სამხრეთ აზიაში დაფუძნებული საზოგადოებრივი ხელოვნების ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქალები და თანასწორობის ფონდის გრანტის მიმღები პარტნიორი. COP26-ის მიმდინარეობისას, მათ მკვიდრ ლიდერებთან ერთად შექმნეს არაჩვეულებრივი კედლის მხატვრობის ნიმუში გლაზგოში მდებარე შენობაზე, რომელიც წარმოადგენს „მკვიდრი ლიდერების ძალაუფლებას და სუვერენიტეტს COP26-ზე. ერების ლიდერები, რომლებიც ისტორიულად არაღიარებულნი იყვნენ მსგავს სივრცეებში, მტკიცედ დგანან ნახატზე, რომელიც მათი არსებობისა და სიბრძნის დამადასტურებელია.“

ამ ძალისხმევის პარალელურად, თანასწორობის ფონდი შეუერთდა ქალთა და გენდერულ კრებას, რათა ხაზი გაუსვას COP26-იდან გარიყულ მრავალ ხმას. როგორც იმ აქტივისტების ხმებს, რომლებიც უსამართლობის გამო გარიყულნი არიან მოლაპარაკებებიდან, ისე იმ ქალთა ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის დამცველების ხმებს, რომლებიც ძალადობისა და დევნის საფრთხის წინაშე დგანან.

COP26-ს ჰქონდა პოტენციალი, რომ ყოფილიყო კრიტიკული ეტაპი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, მაგრამ მან ვერ გაამახვილა ყურადღება იმ ინდივიდებისა და თემების საჭიროებებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უშუალოდ განიცდიან კლიმატის კრიზისს. კლიმატის კრიზისი აქტუალურობით იზრდება და სტატუს კვოს გადაწყვეტილებები საკმარისად შორს არ მიდის. მნიშვნელოვანია, რომ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ფემინისტური მოძრაობების ხმები კლიმატის დისკუსიების წინა პლანზე წამოვიდეს.

რადიკალური ცვლილება კლიმატის სამართლიანობისთვის გულისხმობს სასწრაფო მოქმედებას იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ COP-ის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ბლოგების სერიისა და დიალოგის ავტორებმა გვაჩვენეს, რომ ქალთა და ფემინისტური ორგანიზაციები კლიმატის სამართლიანობის მთავარი აქტორები არიან. მათ ესმით, რომ უფლებებზე დაფუძნებული, ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა იცავს ადამიანის უფლებებსა და რესურსებს, უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე დაუცველთა ადაპტაციასა და გამძლეობას. კლიმატის ეფექტური მოქმედებისთვის აუცილებელია მათი ძალისხმევისთვის  რესურსების გაზრდა და მათი რეკომენდაციების მოსმენა მომავალ კლიმატის გადაწყვეტილების მიმღებ სივრცეებში. ეს არის გზა უფრო ნათელი და გრილი მომავლისკენ.

 

ჰილარი კლაუსონი არის თანასწორობის ფონდის პოლიტიკის ანალიტიკოსი. თანასწორობის ფონდი ახორციელებს მეტი რესურსის მობილიზებას გლობალური სამხრეთის ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ფემინისტური მოძრაობებისთვის. ჩვენი მოდელი აერთიანებს გენდერულ ინვესტიციას, სამთავრობო დაფინანსებას და მრავალსექტორულ ფილანტროპიას, რათა ხელმისაწვდომი გახადოს ახალი, მდგრადი დაფინანსება ფემინისტური მოძრაობებისთვის გლობალურად.

 ___________________

[1] Feminist Green New Deal-ის ბრიფის მიხედვით ზრუნვა & კლიმატი: პოლიტიკის ინტერსექციების გააზრება, ზრუნვის ეკონომიკა არის “მწვანე ეკონომიკა,” რადგან ის აუცილებელია მთლიანი ეკონომიკისა და საზოგადოების შენარჩუნებისთვის; ზრუნვასთან დაკავშირებული სამუშაოებს ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლები წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილებაში; ზრუნვის შრომასთან დაკავშირებული კარიერა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის საშუალებას იძლევა.


Related Post

October 2021 | Now is the time for urgent climate action

With extreme weather events impacting every region of the world in recent months and stark warnings from the latest IPCC report,…

See more

दक्षिणी विश्वका नारीवादीहरुका तर्फबाट कोप निर्णयकर्ताहरूका लागि : जलवायु न्यायका लागि आमूल परिवर्तन

“जलवायु न्यायको अर्थ… – अस्थिर उत्पादन, उपभोग र व्यापार सहितका जलवायु संकटका कारक तत्वलाई सम्बोधन गर्दै – समानता र मानव…

See more

Report | Intrinsically linked: gender equality, climate and biodiversity

The worldwide climate crisis, loss of biodiversity and continuing gender inequality are intrinsically linked. Solving the climate and biodiversity crises…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.